კანის დაავადებების მკურნალობა ხალხური რეცეპტებით
კანის დაავადებების მკურნალობა ხალხური რეცეპტებით ეგზემა კანის დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებულია ეგზემა. ეგზემა კანის ზედაპირული ანთებითი პროცესია. გამოიხატება სიწითლით, ბუშტების, ქერქისა და ქერცლის წარმოქმნით. თან ახლავს წვა, ქავილი, ზოგჯერ ტკივილი. იგი ხშირად ვითარდება ნერვული და ენდოკრინული სისტემის მოშლით, ქრონიკული ინფექციების (ტონზილიტი, ჰაიმორიტი და სხვ.) არსებობით ორგანიზმში. – კომბოსტოს ფოთოლს იდებენ დაზიანებულ ადგილზე და ბინტით იხვევენ. 2–3 დღის შემდეგ იხსნიან და ახალ ფოთოლს იდებენ. იმეორებენ რამდენჯერმე. – რძეში ხარშავენ კომბოსტოს ფოთოლს, ურევენ ქატოში და იდებენ დაზიანებულ ადგილზე. იმაგრებენ სახვევით. – კომბოსტოს ატარებენ ხორცსაკეპში და ურევენ კვერცხის ცილას. იდებენ დაზიანებულ ადგილზე საფენით. – კარტოფილს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ დაზიანებულ ადგილზე. – კარტოფილს რეცხავენ, ფცქვნიან, ხეხავენ წვრილ სახეხზე და წურავენ. წვენში ასველებენ 1 სმ სისქეზე დაკეცილ მარლას და იდებენ ეგზემიან ადგილზე. 2 საათის შემდეგ ცვლიან ახლით. – კარტოფილს ხეხავენ, უმატებენ თაფლს (1/2 ჭიქა ფაფაზე 1 ჩაის კოვზი თაფლი) და ურევენ. ამ ნარევს უსვამენ მარლის სქელ ფენაზე და ადებენ დაზიანებულ ადგილზე. საფენს ცვლიან ყოველ 2 საათში ერთხელ დღის განმავლობაში. ღამე იდებენ დინდგელის მალამოს, დღისით ისევ კარტოფილსა და თაფლის ნარევს. ფსორიაზი ფსორიაზი კანის ქრონიკული დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზია ნერვული და ენდოკრინული სისტემის მოშლა, დარღვევები ნივთიერებათა ცვლაში, ორგანიზმში არსებული ქრონიკული ინფექციური კერები (ტონზილიტი, ჰაიმორიტი). ამ დაავადებისადმი მიდრეკილება შეიძლება შთამომავლობითაც გადაეცეს. დაავადება იწყება კანზე მოვარდისფერო ან მოწითალო კვანძების გაჩენით, რომლებიც იფარება მოვერცხლისფერო–თეთრი ქერცლებით. გამონაყარი თანდათან ფართოვდება, ერთიანდება და იქმნება მსხვილი კერა. ფსორიაზით დაავადებულ ადამიანს ურჩევენ რძისა და მცენარეული საკვების მიღებას, უზღუდავენ ცხოველურ ცხიმებსა და ნახშირწყლებს. სასურველია მზის აბაზანების მიღება (მაგრამ არა – დაავადების გამწვევების პერიოდში), ზღვაში ბანაობა, საოჯახო პირობებში კი თბილი საპნის აბაზანები. ხალხური მედიცინა გთავაზობთ შემდეგს ფსორიაზთან საბრძოლველად. შინაგანად მისაღებად – ნივრის ცოცხალი წვენისა და ფაფის მიღება (თაფლით) ფსორიაზის სამკურნალოდ უძველესი და ეფექტური საშუალებაა. – 20 გრამ დაფნის მშრალ ფოთლებს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ 10 წუთს, წურავენ. სვამენ დღის განმავლობაში 3 მიღებაზე. მკურნალობის კურსი 5–7 დღეა. – ისეთი დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა ეგზემა და ფსორიაზი, გამოიყენება ქაცვის ზეთი. იღებენ დღეში 2 მილილიტრს. – იღებენ 60 გრამ ჭინჭრის ყვავილს და ფოთოლს, ასხამენ 1 ლიტრ მდუღარეს. იღებენ დღეში 3–ჯერ 100 მილილიტრს. ეს საშუალება წმენდს სისხლს და დაავადება ქრება. – 10 გრამ ორკბილას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. დგამენ 30 წუთით მდუღარე წყლის აბაზანაში. აცივებენ 10 წუთით, წურავენ, უმატებენ მდუღარე წყალს 200 მლ–მდე შესავსებად. იღებენ 2–3 სუფრის კოვზს დღეში 3–ჯერ. გარეგანი საშუალებები ფსორიაზის სამკურნალოდ – ფსორიაზის სამკურნალოდ იყენებენ მოცვის ნაყოფის ნახარშის საფენებს. დაზიანებულ ადგილზე იფენენ დილა–საღამოს. – ქრისტესისხლას წითელი წვენის წასმა ფსორიაზით დაზიანებულ კერებში აშორებს ქერცლებს და კურნავს დაავადებას. – ხარშავენ ფარსმანდუკს, ასხამენ აბაზანის თბილ წყალში და იკეთებენ აბაზანებს. – არყის ხის კვირტების 10–30%–იანი მალამო საუკეთესო საშუალებაა ეგზემის, ფსორიაზის სამკურნალოდ. – ორკბილა (ბალახი) 15 გრამი, კოთხუჯი (ფესვები) 15 გრამი, დიდგულას ყვავილები 10 გრამი, სიმინდის ულვაში 15 გრამი, კრაზანა 15 გრამი, წითელი მოცვის ფოთლები – 10 გრამი, ქრისტესისხლა 5 გრამი, მინდვრის შვიტა 10 გრამი, კულმუხო (ფესვები) – 10 გრამი. ყველა შემავალი კომპონენტი დაჭერით წვრილად. 1 სუფრის კოვზ ბალახეულზე აიღეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ და შეფუთეთ. 2 საათის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ. მიიღეთ დილით და საღამოს 1/2 სუფრის კოვზი საჭმლის შემდეგ. – მიიღეთ წიწვოვანი აბაზანები ორი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, 20 წუთით. წიწვოვანი ექსტრაქტი ასე დაამზადეთ – 100 გრამი ნაძვის წიწვები ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში, ადუღეთ 10 წუთი, დააყენეთ 3 საათი და მიღებული ნაყენი ჩაასხით სავსე აბაზანაში. წითელი ქარი წითელი ქარი – კანის მწვავე ანთებითი დაავადება. გამომწვევია სტრეპტოკოკი, რომელიც ხვდება კანში დაზიანებული ადგილიდან. დაავადება იწყება უეცრად. იწვევს ტემპერატურას, დამახასიათებელია თავის ტკივილი, ზოგჯერ ღებინება. დაზიანებულ კანზე ჩნდება სიწითლე, რომელიც ხელის შეხებით მტკივნეული და ცხელია. წითელი ქარი ხშირად ჩნდება სახესა და ქვედა კიდურებზე. – ავადმყოფ ადგილზე იყრიან ჭვავის ფქვილს, ზემოდან აფარებენ ცისფერ ქაღალდს და იხვევენ. იცვლიან ყოველდღე. ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს დილით ადრე, მზის ამოსვლამდე 1 საათით ადრე. – ბამბას ასველებენ ქაფურის ზეთში და იდებენ გაწითლებულ ადგილზე. შემდეგ იხვევენ. პროცედურას ატარებენ დღეში ორჯერ. – დინდგელის მალამოს წასმა კურნავს წითელ ქარს 3–4 დღეში. – კარტოფილის ფქვილს იყრიან გაწითლებულ უბანზე და ზემოდან აფენენ საფენს. – დაზიანებულ ადგილზე ისვამენ ღორის ქონს ყოველ 2 საათში. – დაზიანებულ ადგილზე იდებენ მრავალძარღვას ფოთოლს (უმჯობესია ახალდაკრეფილი). – ვირისტერფას ახალ ფოთლებს იდებენ დაზიანებულ ადგილზე და იხვევენ. – აიღეთ დედოფლისთითა, სამფერი ია და ორკბილა, თითოეული 10–10 გრამის ოდენობით 1 ლიტრ წყალზე. ადუღეთ 20–25 წუთის განმავლობაში. 1 ლიტრი ნახარში ერთი დღე–ღამის დოზაა. გარეგან სახმარად კი გამოიყენეთ შემდეგი საშუალება – დედოფლისთითას ნედლ, აყვავებულ ბალახიდან გამოწურულ 250 გრამ წვენს 250 გრამ 90%–იან სპირტს ასხამენ. დგამენ 10 დღის განმავლობაში. ისვამენ დაზიანებულ ადგილზე. – აიღეთ 50 გრამი ნატურალური თაფლი, 50 გრამი ზეითუნის ზეთი, 20 დაფხვნილი აბი სტრეპტოციდი, ერთმანეთში აურიეთ, წამოადუღეთ, გააცივეთ და ფეხზე წაისვით დღეში სამჯერ. რამდენიმე დღეში დაავადება გაივლის.